ცენტრალური საარჩევნო კომისია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) არჩევნებში ჩართულ მხარეებს კიდევ ერთხელ მიმართავს და მოუწოდებს, რომ ამომრჩევლებთან ურთიერთობისას არ ისარგებლონ საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით.

„ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ცნობილი გახდა, რომ ბოლო პერიოდში უცნობი პირები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოქალაქეებს საოლქო საარჩევნო კომისიების სახელით ტელეფონით უკავშირდებიან და ამოწმებენ მოქალაქეთა მონაცემებს.

განმეორებით აღვნიშნავთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია არ ახორციელებს ამომრჩევლების მონაცემების შემოწმებას არც სატელეფონო და არც კარდაკარ ურთიერთობის ფორმით.

შეგახსენებთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიები ფუნქციონირებას კენჭისყრის დღემდე ერთი თვით ადრე დაიწყებენ (28 სექტემბერი); საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები კომპეტენციის ფარგლებში განახორციელებენ დადგენილ პროცედურებს, მათ შორის გაავრცელებენ ამომრჩეველთა ბარათებს და მოქალაქეებთან ურთიერთობისას ექნებათ საარჩევნო კომისიის წევრობის შესაბამისი დამადასტურებელი მოწმობა.“ – აღნიშნულია განცხადებაში.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. ამ დროისთვის უკვე დარეგისტრირებულია 10 კანდიდატი.