რეგისტრაციიდან მოხსნილი, რეგისტრაცია ძალადაკარგული ან მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული მოქალაქეები შეღავათებით ისარგებლებენ

ცესკო ინფორმაციას ავრცელებს იმ ამომრჩევლების საყურადღებოდ, რომლებიც რეგისტრაციიდან არიან მოხსნილი, მათი რეგისტრაცია ძალადაკარგულია ან მისამართი არ არის მითითებული. ამის შესახებ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა და მედიის წარმომადგენლებს ამასთან დაკავშირებული რეგულაციები გააცნო.

„რეგისტრაციიდან მოხსნილი ან რეგისტრაცია ძალადაკარგული ამომრჩევლები, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შედიან ბოლო რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. რაც შეეხება მისამართის გარეშე რეგისტრირებულ პირებს, ისინი ამომრჩეველთა ერთიან სიაში შედიან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომელთა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილიც არ არის მითითებული სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, უკვე შეუძლიათ გამოცხადდნენ იუსტიციის სახლის ფილიალებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში, სადაც უნდა წარადგინონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი და ციფრულ ფორმატში გადაიღონ ფოტოსურათი“, – აღნიშნა ანა მიქელაძემ.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ამ პრობლემის მქონე მოქალაქეები ისარგებლებენ გარკვეული შეღავათებით. უფრო კონკრეტული ინფორმაცია კი შეუძლიათ მიიღონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში (ტელ: 0322 2 401 010)ან იუსტიციის სამინისტროს ცხელ ხაზზე (032 2 405 405).

ანა მიქელაძე მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს დროულად მიმართონ სააგენტოს, მიმდინარე წლის 7 ოქტომბრამდე, გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები და საჭიროების შემთხვევაში გაიარონ შესაბამისი პროცედურები, რაც შესაძლებლობას მისცემთ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი.

რეგისტრაციიდან მოხსნილი, რეგისტრაცია ძალადაკარგული ან მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული მოქალაქეები შეღავათებით ისარგებლებენ