სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“, მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის მიზნით, 20 აგვისტოდან ბიზნეს-იდეების მიღება დაიწყო.

მსურველებს კონკურსში მონაწილეობისთვის დარეგისტრირება შეუძლიათ სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე http://www.enterprisegeorgia.gov.ge.

სიახლეა ის, რომ დაინტერესებულ პირებს წელს ახალ, უფრო მომგებიან პირობებს სთავაზობენ.

22 აგვისტოს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქალაქ საგარეჯოს „ახალგაზრდულ ცენტრში“ „თბილისის ბიზნეს-ტრენინგის ცენტრის“ წარმომადგენელმა ვასილ მჭედლიშვილმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

მისი განმარტებით, 2018 წელს, სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნება როგორც მეწარმე სუბიექტს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება არ მიუღია, ან პირველად მონაწილეობს, ასევე – მეწარმე სუბიექტს/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა.
„იმისთვის, რომ მეწარმე სუბიექტებს/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს კვლავ ჰქონდეს პროგრამის ფარგლებში გრანტის მიღების შესაძლებლობა, მათ უნდა წარადგინონ პროექტი, რომელიც შეეხება მათთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოება/გადაიარაღებას. განსხვავებულად განისაზღვრება თანამონაწილეობის წილიც – პროგრამის მოსარგებლის/მოსარგებლეთა ჯგუფის მიერ პროგრამაში თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება დაფინანსების თანხის არანაკლებ 50 პროცენტით, მაშინ როდესაც პროგრამის ახალი ბენეფიციარის მიერ პროგრამაში თანამონაწილეობის წილი განისაზღვრება დაფინანსების თანხის არანაკლებ 20 პროცენტით. ასევე, გაზრდილია დაფინანსების მაქსიმალური მოცულობა და ნაცვლად 15 000 ლარისა, შეადგენს 20 000 ლარს. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის კომპონენტი ხელს უწყობს რეგიონული მოსახლეობის გააქტიურებას – წამოიწყონ, ან გააფართოონ საკუთარი ბიზნესი. ფინანსური დახმარების გაწევის გზით, რეგიონის მაცხოვრებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, წამოიწყონ საკუთარი საქმე, ხოლო საკონსულტაციო კომპონენტის არსებობა უზრუნველყოფს დაინტერესებული პირების ცოდნის ამაღლებას ბიზნესის კეთების კუთხით.“ – განაცხადა ვასილ მჭედლიშვილმა.

საინფორმაციო შეხვედრაზე ერთ-ერთ პრობლემად დასახელდა ის გარემოება, რომ ზოგიერთ ადამიანს უჭირს საკუთარი იდეის წერილობით ჩამოყალიბება და პროექტის მომზადება.

შეხვედრაზე მყოფმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, რომ დიდი სურვილი აქვს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა დაიწყოს სამეწარმეო საქმიანობა და სხვათა დასაქმებაც შეძლონ.
როგორც გიორგი ერბოწონაშვილმა რადიო „ივრისთან“ საუბარში განაცხადა, ისინი მოსახლეობას პროექტებს ვერ დააწერინებენ, თუმცა, მათი დახმარება გამოიხატება იმაში, რომ მერია მიამაგრებს ადამიანს, რომელიც მაქსიმალურად საფუძვლიანად მიაწვდის ინფორმაციას დაინტერესებულ პირებს და აუხსნის, რისი გაკეთება შეიძლება პროექტის ფარგლებში და რისი არა.

კონკურსის პირველ ეტაპზე შეირჩევა საუკეთესო პროექტები, რომელთა ავტორებს მეორე ეტაპზე შესაბამისი ტრენინგები ჩაუტარდებათ. მესამე ეტაპზე სააგენტოს წარმომადგენლები ადგილზე შეისწავლიან, რა რესურსებს ფლობენ გამარჯვებული კანდიდატები. ვინც მესამე ეტაპსაც წარმატებით გადალახავს, მეოთხე ეტაპზე სააგენტო მათთან თანამშრომლობის ხელშეკრულებას გააფორმებს. მეხუთე ეტაპზე კი უშუალოდ დაფინანსება განხორციელდება.

„თბილისის ბიზნეს-ტრენინგის ცენტრის“ წარმომადგენლის ვასილ მჭედლიშვილის ინფორმაციით, გასულ წელს კონკურსის ფარგლებში, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 50-ზე პროექტი დააფინანსა.

აქვე შეგახსენებთ, რომ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მოქალაქეებს – 18 წლის ზემოთ, ინდ.მეწარმეებს, მცირე მეწარმეებს და ფიზიკურ პირებს. კონკურსის ბოლო ვადაა 2 სექტემბერი.