იორმუღანლოს თემში სტიქიისგან დაზიანებული რამდენიმე ქუჩა მოიხრეშა

იორმუღანლოს თემში სოფელ მუღანლოსა და ქეშალოში ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ რამდენიმე ქუჩაზე ხრეში გაშალა. ამის საჭიროება მას შემდეგ გაჩნდა, რაც სტიქიის შედეგად გზები დაზიანდა.

როგორც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, პაატა ასრათაშვილი ამბობს, რამდენიმე დღის წინ მოსული ძლიერი წვიმის გამო, მოსახლეობამ დახმარებისთვის 112-ს მიმართა. ადგილზე სამაშველო ჯგუფთან ერთად იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელმძღვანელობის წარმომადგენლებიც.
მისივე თქმით, რამდენიმე მოსახლის ეზოში შევიდა წყალი, მაგრამ მოხდა მისი ამოტუმბვა და სტიქიის შედეგად არავინ დაზარალებულა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები ჩატარდება ასევე უდაბნო-დავით გარეჯის გზის მონაკვეთზეც. სტიქიის შედეგდ ეს მონაკვეთიც დაზიანდა, რის გამოც ტურისტებს ლავრამდე მისვლა უჭირთ.

„ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს ასევე უდაბნო-დავით გარეჯის მონაკვეთზე, რადგან აქ 4 კილომეტრის მოშორებით ჩერდება ტრანსპორტი, რომ ტურისტი ლავრამდე მივიდეს. წვიმებმა ეს გზა დახრამა. ჩატარდება მოხრეშვითი სამუშაოები და გაიწმინდება სანიაღვრეები.“

შეგახსენებთ, რომ უხვი ნალექის შედეგად ასევე პრობლემები შეიქმნა იორმუღანლოში სანიაღვრე არხებზე.