თეა გურგენიძემ იორმუღანლოს თემში ქართული ენის შესასწავლი წრე გახსნა

თეა გურგენიძემ იორმუღანლოს თემში, ქორწინების სახლის შენობაში ქართული ენის შესასწავლი წრე გახსნა, სადაც ბავშვებს შაბათობით ამეცადინებს.

„სკოლის მოსწავლეებიც და უფროსებიც მოდიან ენის შესასწავლად. ჩემი მოსწავლეებისთვის, რომლებიც ეხლა მეხუთე კლასში სწავლობენ, აქ მეცადინეობა უფასოა. უბრალოდ, იმდენად კარგი კლასი იყო, რომ არ მინდა დაიშალოს და წყალში ჩაიყაროს ჩემი შრომა. მათ ვამეცადინებ ქართულსა და ბუნებაში. ეხლა უკვე ვიწყებთ საქართველოს ისტორიის გაცნობას,“- ამბობს თეა გურგენიძე.
სხვა მსურველებისთვის მეცადინეობა ფასიანია.

შეგახსენებთ, რომ თეა გურგენიძე, რომელიც იორმუღანლოს საჯარო სკოლის პედაგოგი იყო, სამსახურიდან გაათავისუფლეს მოსწავლეზე ძალადობის გამო, რასაც მოსწავლეებისა და მშობლების მხრიდან პედაგოგის მხარდასაჭერი აქციები მოჰყვა. თეა გურგენიძე სასწავლო წლის დასრულებამდე ბავშვებს კარავშიც ამეცადინებდა.
მან დირექტორის წინააღმდეგ სარჩელით სიღნაღის სასამართლოსაც მიმართა.

თეა გურგენიძემ მიმდინარე წელს იორმუღანლოში ფასიანი საბავშვო ბაღიც გახსნა, რომელიც ამ ეტაპზე 50 ბავშვეზეა გათვლილი. მომავალში კი კერძო ქართული სკოლის გახსნასაც ფიქრობს.