იორმუღანლოში მეთერთმეტეკლასელი გოგონა საკუთარი სახლიდან მოიტაცეს

იორმუღანლოს თემის სოფელ ლამბალოში ერთ-ერთ სოფელში 17 წლის გოგო 25 წლამდე ასაკის ბიჭმა საკუთარი სახლიდან მოიტაცა. შემთხვევა გუშინ საღამოს, დაახლოებით 6 საათზე მოხდა.

პოლიცია და ახლობლები გოგონას ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.

-„გოგონა არასრულწლოვანია და მეთერთმეტე კლასში სწავლობს. გუშინ, დაახლოებით 6 საათზე დაბრუნდა სკოლიდან. სახლში მამამისი და 12 წლის და იყვნენ. მამა გარეთ გასულა საქმეზე, ესენი კიდევ თურმე ბაშვებს უთვალთვალებდნენ. საჭმელს ჭამდნენ, შემოვარდნილან სახლში და ისე მოუტაციათ. რამდენიმე ადამიანი შესულა სახლში და გამოუყვანიათ. ბიჭი დაახლოებით 25 წლისაა. ორი მათგანის ვინაობა დავადგინეთ, სავარაუდოდ სხვებიც იქნებიან. პოლიციის დახმარებით გავიგეთ ვინ იყვნენ. მთელი ღამე სამართალდამცველებთან ერთად 100 ადამიანი ეძებდა, თუმცა ვერ ვიპოვეთ“- განუცხადა რადიო ივრისს გოგონას ახლობელმა ქაზანფარ მამედოვმა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო. დანაშაული შვიდიდან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.