„მე შევცვლი ჩემს თემს“ – პროექტის ფარგლებში იორმუღანლოელი ახალგაზრდებისთვის ტრენინგი ჩატარდა [Audio]


ქართულ-აზერბაიჯანული სათემო რადიო „ივრისის“ ბაზაზე უკვე სამი თვეა მიმდინარეობს პროექტი „მე შევცვლი ჩემს თემს“, რომლის მიზანია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის ახალგაზრდების ინფორმირება ისეთ თემებზე, როგორიცაა საგზაო უსაფრთხოება, ჯანსაღი ცხოვრების წესი, პოლიციის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ვიდეოადვოკატირება და სხვა.

აღნიშნულ საკითხებზე მონაწილეებისთვის განსაზღვრულია ტრენინგები და პრაქტიკული სამუშაოები. მათ ასევე შესაძლებლობა აქვთ ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების მიზნით, ითამაშონ სხვადასხვა სპორტული თამაშები.

პროექტის ფარგლებში გასულ კვირას უკვე ჩატარდა პირველი ტრენინგი, სადაც მონაწილეები გაეცნენ ფოტო-ვიდეო აპარატურის მახასიათებლებსა და შესაძლებლობებს, ასევე ვიდეოს გადაღების ელემენტებს.
-„მონაწილეებს გავაცანით ვიდეოგრაფიის შესახებ მარტივი ცნობები, თუ რას ნიშნავს ზოგადად ვიდეოგრაფია და როგორ უნდა იქცეოდეს დამწყები ვიდეოგრაფი. ასევე ვიმსჯელეთ სიუჟეტისა და ნიუსის ჩაწერაზე. განვიხილეთ კამერის ძირითადი მახასიათებლები, ავტო და მანუალ რეჟიმები. ბავშვები იყვნენ აქიურები, მოტივირებულები და საკმაოდ კარგად მიჰყვებოდნენ პრეზენტაციის ტემპს. ჰქონდათ ძალიან ბევრი შეკითხვა, რაზეც ერთად ვიმსჯელეთ და იმედი მაქვს, მიღებულ ცოდნას პრაქტიკაშიც გამოიყენებენ.“ -გვითხრა ტრენერმა მარიამ კვაჭაძემ.

პროექტის მონაწილეებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ის ინფორმაცია, რაც ტრენინგიდან მიიღეს. ისინი მოუთმენლად ელიან მეორე ეტაპს, როდესაც შესაძლებლობა ექნებათ ისწავლონ ვიდეომონტაჟი და მოამზადონ სიუჟეტები თემში არსებულ პრობლემურ საკითხებზე.

თურქან ოსმანოვა საუბრობს, თუ რატომ გადაწყვიტა პროექტში მონაწილეობა.
„აქ გავიცანი ახალი მეგობრები და მაქვს ურთიერთობა ჟურნალისტებთან. კამერა რა იყო არ ვიცოდი, ტელეფონით კი ვიღებდი ვიდეოებს, მაგრამ არც ისე კარგად. აქ კი ვისწავლე რა არის ფოტოგრაფია, ვიდეოს გადაღება, ბადბიქტონის თამაში და ქართველებთან ურთიერთობა.“
მის ძმას იასინ ოსმანოვს სურს, მომავალში პროგრამისტი გამოვიდეს, ასევე უნდა, რომ რაც შეიძლება კარგად ისწავლოს ვიდეომონტაჟი პროფესიონალურ პროგრამაში, რათა სამომავლოდ პრაქტიკაში გამოიყენოს.

ბასტი ნაბიევას მანამდე მსგავს აქტივობებში მონაწილეობა არ მიუღია, ახლა კი ამ პროექტის დამსახურებით არამარტო ცოდნა, არამედ ბევრი მეგობარიც შეიძინა. მან ისიც იცის, რომ წინ კიდევ ბევრი კარგი სიახლე ელოდება.

ფარიდ აივაზოვს კი სურვილი აქვს, რომ მსგავსი სიახლეების შესახებ ცოდნა მარტო მან კი არა, თემის სხვა წევრებმაც მიიღონ.

პროექტს „მე შევცვლი ჩემს თემს“ ახორციელებს ჟურნალისტთა ასოციაცია საზოგადოებრივი განვითარების კავშირი „მეცენატი“, ორგანიზაცია ph international-ის „სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის“ ფარგლებში. მონაწილეების შესარჩევად იორმუღანლოს თემის სკოლებში ჩატარდა პრეზენტაციები. ამ ეტაპზე პროექტში ჩართულია 50-მდე ახალგაზრდა.