უკანონო ნაგავსაყრელების პრობლემა იორმუღანლოში [Video/Photo]

იორმღანლოს თემში, სადაც ოფიციალური მონაცემებით, 20 000-მდე მცხოვრებია, ნაგვის ურნები მხოლოდ ცენტრალურ გზაზე დგას. ადგილობრივების თქმით, ნაგვის მანქანაც კვირაში ერთხელ ან ორჯერ თუ ჩამოივლის, რაც 8-სოფლიანი თემისთვის საკმარისი არ არის.

ამიტომ ამ ტერიტორიაზე მრავლად შეხვდებით უკანონო ნაგავსაყრელებს.
ლამბალოს ხევი, რომელიც შუა სოფელში მდებარეობს, ნაგავსაყრელადაა ქცეული. მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა მუდმივად შეწუხებულია სუნით, მღრღნელებითა და ძაღლებით, რომლებიც მუდმივად ნაგავში იქექებიან. ეთერ აშიროვას თქმით, მოსახლეობას სხვა სოფლიდან მოაქვს ტომრებით ნაგავი და აქ ყრის. შექმნილი ანტისანიტარიის გამო კი, ბავშვებს გარეთ ვეღარ უშვებს.

„როცა ქარი ქრის, მიწა და ნაგავი სულ სახლში შემოაქვს, ამ ხევს დასუფთავება უნდა. დანაგვიანებული ხევი იწვევს სხვადასხვა დაავადებას და ბავშვებს ზიანს აყენებს. ყურადღება უნდა მოგვაქციონ და ხევი ნაგვისგან გაასუფთავონ.“
იგივე პრობლემებზე საუბრობენ დუზაგრამის მცხოვრებლებიც. როგორც ნაბი პილიევი ამბობს, ხალხი ნაგავს ხევში იმიტომ ყრის, რომ ნაგვის ურნები არ დგას.
ნაჰიდ რასულოვის თქმით, ნაგვის მანქანა მხოლოდ ცენტრალურ გზაზე დადის, მაგრამ ისინი მოშორებით ცხოვრობენ, ამიტომ მათთან არც ურნებია და არც ნაგავი გააქვს ვინმეს.
„სოფელში დადის ნაგვის მანქანა ცენტრში, მაგრამ ეს ხომ ცენტრი არ არის. მანქანამ 2-3 დღეში ერთხელ მაინც უნდა იაროს, რომ სოფელი არ შეწუხდეს და ბავშვებიც ნაგვის სუნმა არ შეწუხოს.“

ნაგვის ურნები ყველგან რომ არ დგას, ამის შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ერბოწონაშვილიც საუბრობს. თუმცა, იმასაც ამბობს, რომ აუცილებლად დაამატებენ.
„ურნები ყველგან არ დგას, მაგრამ შეივსება. შარშან სულ გაწმენდილი იყო ეგ ტერიტორია, მაგრამ ხალხი მაინც მანდ ყრის ნაგავს, ვერ ვხვდები რატომ? ვაპირებ ჩამოვიდე და შევხვდე მოსახლეობას ამ საკთხთან დაკავშირებით. წელსაც იგეგმება ხევების გასუფთავება. ვგეგმავთ კიდევ შევიძინოთ ტექნიკა და ურნებსაც დავამატებთ, აუცილებლად.“
გიორგი ერბოწონაშვილი ამბობს, რომ არ სურს მოსახლეობა დააზარალოს, მაგრამ თუ ისინი დასუფთავების შემდეგ, კვლავაც გააგრძელებენ ხევში ნაგვის ჩაყრას, მერიას მოუწევს დაჯარიმებას მიმართოს.