ახალგაზრდებმა ლამბალოს სკოლის წინ ზებრა გადასასვლელი მოხატეს [Video/Photo]

ჟურნალისტთა ასოციაცია „მეცენატის“ მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში „მე შევცვლი ჩემს თემს“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემში, სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლის წინ, ახალგაზრდებმა სახალისო ზებრა გადასასვლელი მოხატეს.

მონაწილეების უსაფრთხოებაზე ზრუნდავდა შსს იორმუღანლოს პოლიციის განყოფილება. აქციაზე იმყოფებოდა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბინალი თალიბოვი, რომელიც პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებთან თანამშრომლობს, ესაუბრება მათ ჯანსაღი ცხოვრების წესზე, ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მავნე ზემოქმედებაზე, უზიარებს თავის გამოცდილებას და პასუხობს მათთვის საინტერესო კითხვებს პოლიციელის პროფესიასთან დაკავშირებით.

პროექტში ჩართულია ლამბალოს, იორმუღანლოსა და დუზაგრამის ორმოცამდე მოსწავლე. პროექტის ძირითადი მიმართულებაა საგზაო ნიშნები და უსაფრთხოება.
დღევანდელი ღონისძიების გარდა, ახალგაზრდებმა ამ მიზნით გასულ თვეში ჩაატარეს აქცია „დაუთმე გზა“.

აქვე აღვნიშნავთ, რომ იორმუღანლოს თემში საერთოდ არ დგას საგზაო ნიშნები, ამიტომ ასეთი ზებრა გადასასვლელის მოხატვა, მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო.