„ასწავლე მაცნეს“ საინფორმაციო შეხვედრა ეთნიკურ აზერბაიჯანელებთან

3 ივლისს სოფელ კაჭრეთის სასტუმრო „ ამბასადორში”, პროექტის „ასწავლე მაცნეს” ფარგლებში „ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა“ გამართა სასწავლო შეხვედრა კახეთის რელიგიურ უმცირესობებთან.

აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ კახეთის რეგიონის მუსლიმი სასულიერი ლიდერები და მუსლიმი თემის წარმომადგენლები.
„ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი, ბატონი არჩილ გეგეშიძე აღნიშნავს, რომ ასეთი ტიპის ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციისა და ევროკავშირთან დაახლოების კუთხით.

„შეხვედრა რელიგიურ უმცირესობებში ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად, ეს არ არის პირველი ღონისძიება. ჩვენმა ფონდმა რამდენიმე შეხვედრა უკვე ჩაატარა და მათ შორის ინტერვალებში, ნათლად ვხედავთ გარკვეულ ინტერესთა ზრდას ამ თემებთან მიმართებით. ასევე მდიდარი ხდება დისკუსიები.
დამსწრეთა მხრიდან გამოითქვა საინტერესო მოსაზრებები. განმარტებები, რომლებიც ექსპერტებმა დასმულ შეკითხვებზე მისცეს, ასევე მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ აქ არსებულ საზოგადოებას აინტერესებს, აღელვებს ეს საკითხები. პარალელებს ავლებენ ევროპასთან, რაც ეხმარებათ უფრო შეგნებულ არჩევანში მხარი დაუჭირონ ჩვენი სახელმწიფოს პრიორიტეტებს.“

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხის რამინ იგიდოვის აზრით, „ასეთი შეხვედრების მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ მიაწოდოს ინფორმაცია კახეთის რეგიონში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს, მიმდინარე ცვლილებებისა და ევროპული ინტეგრაციის შესახებ. ეს ეხებათ მუსლიმ სასულიერო პირებსაც, მათთან ორმაგად არის სამუშაო.

ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არის აზრისა და სინდისის თავისუფლება, მათ უფრო მეტი იციან აზიის მუსლიმურ ქვეყნებში არსებულ სიტუაციაზე, მაგრამ ნაკლები ინფორმაცია აქვთ ევროპულ ქვეყნებში არსებულ გამოცდილებაზე, რელიგიურ თავისუფლებასთან მიმართებით. პრეზენტაციების დროს ძალიან საინტერსეო იყო მაგალითები ევროპული ქვეყნების რელიგიისადმი დამოკიდებულების შესახებ, კერძოდ კი, ის, რომ მათ გააჩნიათ ერთი-უმრავლესობის რელიგია, მაგრამ სხვა უმცირესობებსაც განიხილავენ, იმ კონტექსტში, როგორც რელიგიურ უმრავლესობას.“

12-თვიან პროექტს – ” ასწავლე მაცნეს” „ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი“ 2017 წლის 15 მაისიდან ჰოლანდიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, პროექტის მიზანია უმცირესობათა ინტეგრაციის ხელშეწყობა, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვისა და შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

Leave a Reply