არასრულწლოვნების მიერ ჩადენილ დანაშაულზე შესაძლოა რეგულაციები დაწესდეს

შს მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელების საჭიროებას ხედავს.

მისი განმარტებით, არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულების მიმართ კანონმდებლობა არაეფექტურია.
„ ბავშვებში კრიმინალურ ქცევებთან დაკავშირებით ჩვენ კვლევას ვაკეთებთ. მოგეხსენებათ, არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკი. არსებობს ცალკეული შემთხვევები, როდესაც არასრულწლოვნების მხრიდან, რომლებმაც იციან, რომ მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ, ადგილი აქვს გარკვეული დანაშაულის ჩადენას. მაგალითად, იგივე სკოლებში, ტელეფონის წართმევასა და დაჩაგვრაზე არის საუბარი. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით არის პრობლემები, თუმცა ჩვენი კანონმდებლობა ძალიან ლიბერალურია და არც თუ ისე დიდი მოქნილობა გვაქვს პრევენციული ღონისძიებების გატარებისთვის. ძირითადად საუბარი არის მხოლოდ საინფორმაციო პრევენციულ ახსნა-განმარტებით სამუშაოზე, რომელსაც სამწუხაროდ ეფექტი არ აქვს. კარგი იქნება შემდგომში პარლამენტის ფარგლებში პარლამენტმა აიღოს ინიციატივა და ერთობლივად იმუშაოს იმ პრობლემაზე, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკის ქვემოთ არასრულწლოვნების მიმართ უფრო მეტი საკანონმდებლო ინიციატივა იყოს”, – განაცხადა ხუციშვილმა.