წელს სტუდენტი 28176 აბიტურიენტი გახდა

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო მონაცემებით, 2017 წელს სტუდენტი 28 176 აბიტურიენტი გახდა. ამის შესახებ განცხადება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა გააკეთა.

მაია მიმინოშვილის თქმით, წლევანდელ გამოცდებში რამდენიმე პოზიტიური ტენდენცია შეინიშნა. პირველ რიგში, ქართული ენის პროგრამაზე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტების რაოდენობის ზრდა. 2013 წელს ამ პროგრამებზე 887 მსურველი იყო, წელს ასეთი 1 004-ია.

საგრანტო კონკურსში კი მისი თქმით, იგივე სურათია რაც შარშან იყო. წელს 6 000-ზე მეტია ისეთ აპლიკანტების რაოდენობა, ვინც სახელმწიფოსგან ნაწილობრივი ან სრული დაფინანსება მოიპოვა. როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 100%-იანი გრანტი მოიპოვა 1 009-მა აპლიკანტმა, 70%-იანი 1 457-მა აბიტურიენტმა, ხოლო 50%-იანი გრანტის მფლობელი 4 081 აპლიკანტი გახდა. 2016 წლის ეროვნული გამოცდებით გრანტირებულ აპლიკანტთა რაოდენობა კი ასე გამოიყურება: 100%-იანი გრანტი – 1 012 აპლიკანტი, 70%-იანი – 1 456 აპლიკანტი, 50%-იანი 4 079 აპლიკანტი.