22 წელი საქართველოს კონსტიტუციის მიღებიდან

24 აგვისტო საქართველოს კონსტიტუციის დღეა. სახელმწიფოს ძირითადი კანონი პარლამენტმა 1995 წელს მიიღო.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლება იყოფა საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებად. ხელისუფლების წყარო არის ხალხი, რომელიც თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით.

საქართველოს კონსტიტუცია განამტკიცებს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს. სახელმწიფო ხელისუფლება ცნობს და აღიარებს ამ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
საქართველოს კონსტიტუცია აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას, ამასთან ერთად, აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებულ როლსა და მის დამოუკიდებლობას.

1993 წლის 16 თებერვალს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ — სახელმწიფოს მეთაურმა, ედუარდ შევარდნაძემ პარლამენტს წარუდგინა წინადადება საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ, რომელსაც უნდა შეემუშავებინა არა ახალი კონსტიტუცია, არამედ 1921 წლის კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტი.

1993 წლის 25 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე. საკითხთა უკეთ მოსამზადებლად შეიქმნა სპეციალიზირებული სამუშაო ჯგუფები.

პარლამენტის დადგენილებით, სამუშაო ჯგუფების მიერ შემუშავებული პროექტები უნდა გაეერთიანებინა სარედაქციო ჯგუფს; კონსტიტუციის საბოლოო ვარიანტი უნდა მიეღო ჯერ სახელმწიფო საკონსტიტუციო საბჭოს, შემდეგ კი საქართველოს პარლამენტს. ამ წესით მიღებული პროექტი უნდა გასულიყო საყოველთაო-სახალხო კენჭისყრაზე — კონსტიტუცია ხალხს უნდა მიეღო, თუმცა ამ გეგმაში არსებითი ცვლილებები შევიდა. ნაცვლად 1921 წლის კონსტიტუციის მიღებისა, გადაწყდა სრულიად ახალი კონსტიტუციის მიღება. პრობლემათა ღრმად შესწავლისა და სახელმწიფოთა გამოცდილების გათვალისწინების მიზნით, კომისიის სამდივნოს მიერ 1993-1995 წლებში ორგანიზებული იყო სხვადასხვა კონფერენცია და სემინარი. სამდივნოს აქტიურ დახმარებას უწევდა ვენეციის კომისია.

1995 წლის 2 ივლისს 64 ხმით 4-ის წინააღმდეგ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მიიღო კონსტიტუციის პროექტი. კომისიამ პროექტი გადასცა პარლამენტს და ამით დაასრულა თავისი მისია.

საკონსტიტუციო კომისიის მიერ სახელმწიფო მოწყობის დადგენილი ფორმები მიუღებელი აღმოჩნდა პარლამენტისთვის — კონსტიტუციის პროექტიდან ჯერ მოწყობის ფედერალური საწყისები ამოიღეს, ხოლო შემდეგ ნახევრადსაპრეზიდენტო მმართველობის ფორმა შეცვალეს საპრეზიდენტო რესპუბლიკის მიმსგავსებული ვარიანტით.

1995 წლის 24 აგვისტოს, 17 საათსა და 50 წუთზე, საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტმა ე.წ. „იმელის“ შენობაში 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ მიიღო საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც იმავე წელს საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან შევიდა ძალაში.

მომზადებულია ka.wikipedia.org-ის მიხედვით