სტიქიისგან მიყენებული ზარალი აგროდაზღვევის პროექტში ჩართულ ბენეფიციარებს აუნაზღაურდებათ

აგროდაზღვევის პროექტში ჩართულ ბენეფიციარებს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, შემოსულია 1200-ზე მეტი შეტყობინება. ზარალის დათვლა აქტიურად მიმდინარეობს.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „აგროდაზღვევის“ პროგრამის მენეჯერი ნატალია ხარატიშვილი, საგარეჯოს მერი გიორგი ერბოწონაშვილი და სადაზღვევო კომპანია „არდის“ წარმომადგენლები საგარეჯოს მუნიციპალიტეტში დაზარალებულ ალექსი მალასიძეს შეხვდნენ და სეტყვის შედეგად დაზიანებული ვაზის ნაკვეთი დაათვალიერეს.

სოფელ ჩაილურის მკვიდრს, ალექსი მალასიძეს სეტყვის შედეგად დაუზიანდა მოსავლის 30%. სადაზღვევო კომპანია„ არდი“ აღნიშნულ ბენეფიციარს აუნაზღაურებს 10 800 ლარს. ბენეფიციარმა სადაზღვევო პოლისის შესაძენად სახელმწიფოსგან 50% თანადაფინანსება მიიღო და მისმა გადახდილმა თანხამ 3.5 ჰა ფართობის დაზღვევისთვის 2295 ლარი შეადგინა.

მიმდინარე წელს აგროდაზღვევის პროექტში სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პოლისის შესყიდვაზე თანამონაწილეობა ყველა კულტურაზე 70%, ხოლო ვაზზე 50%-ია. აგროდაზღვევის პროექტში ჩართვა შეუძლია როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

2019 წლის მაისის თვის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში გაცემულია 6,737 პოლისი; პროექტში ჩართულია 3,582 ბენეფიციარი; სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის სუბსიდიის თანხამ- 3,568,646 ლარი შეადგინა. დაზღვეულია 7 ათას ჰა-მდე მიწის ნაკვეთი.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია, ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.