ქარსაფარი ზოლის გაშენებისთვის ინიციატივა ფერმერებმა უნდა წარადგინონ

კახეთის რეგიონში ქარსაფარი ზოლების აღდგენა/გაშენების პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც საგარეჯოს, გურჯაანისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში 25 კმ (18 ჰა ფართობი) ქარსაფარი ზოლები გაშენდება.

აღნიშნულ პროექტს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (RECC) მეშვეობით სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით.

ცენტრი საკუთარი ინიციატივით იმ ადგილებს, სადაც პროექტი უნდა განხორციელდეს, თავად არ შეარჩევს, მათ ფერმერებმა უნდა მიმართონ.

-“ამ დროისთვის შერჩევის პროცესში ვართ. ეს ხდება ფერმერთან თანამონაწილეობით, ის იღებს გარკვეულ ვალდებულებას, რაც გულისხმობს დარგვას და მოვლა-პატრონობას, ჩვენ მართვის გეგმას ვუკეთებთ და უფასოდ ვაწვდით ნერგებს. თუ ფერმერი არ მოვიდა და არ განაცხადა, რომ უნდა ქარსაფარი ზოლი, ისე ამის გაშენება წარმოუდგენელია,”-აღნიშნა ჩვენთან საუბარში კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის პროექტის კოორდინატორმა ქეთი წერეთელმა.

ფერმერებს, რომელთაც ქარსაფარი ზოლის გაშენების სურვილი აქვთ თავიანთ საკუთრებაში რეგისტრირებულ ნაკვეთთან დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ დარეკონ შემდეგ ნომერზე: 577 56 96 56.