იორმუღანლოს საჯარო სკოლიდან გათავისუფლებული პედაგოგის სარჩელი სასამართლომ დააკმაყოფილა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლის დაწყებითი განათლების პედაგოგის, თეა გურგენიძის სარჩელი სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა. მან რადიო ივრისთან საუბარში აღნიშნა, რომ ითხოვდა, როგორც სამსახურში დაბრუნებას, ისე გაცდენილი თვეების ხელფასის ანაზღაურებას.

“ვაპირებ, რომ დავბრუნდე სკოლაში. უბრალოდ პრინციპის ამბავია, თან ბავშვებიც მელოდებიან და აუცილებლად უნდა დავბრუნდე. ეს არ იყო ჩემი გამარჯვება, ეს იყო მშობლებისა და ბავშვების გამარჯვება. ისინი ყოველდღე მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ, რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ. უბრალოდ ვალდებული ვარ, რომ დავბრუნდე.”

შეგახსენებთ, რომ თეა გურგენიძეს მეოთხე კლასის მოსწავლის ცემაში ადანაშაულებდნენ.
თუმცა, მეოთხე კლასის მოსწავლეებმა მის მხარდასაჭერად საპროტესტო აქცია გამართეს. სამეურვეო საბჭომ მის გათავისუფლებას არ დაუჭირა მხარი, მაგრამ, დისციპლინარული კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მას საბოლოოდ სამსახური მაინც დაატოვვებინეს.

თეა გურგენიძემ სკოლის დირექტორს სასამართლოში უჩივლა. მან სარჩელით სიღნაღის რაიონულ სასამართლოს გასული წლის 21 ივნისს მიმართა.