ადგილობრივი ხელისუფლება იორმუღანლოს მოსახლეობას შეხვდა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – ირაკლი ქადაგიშვილი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის იორმუღანლოს თემის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა ასევე სააგენტოს – “აწარმოე საქართველოში” ხელმძღვანელი -მიხეილ ხიდურელი. მან ადგილობრივებს მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებისა და დაფინანსების პროგრამები გააცნო. ინფორმაციას საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

შეხვედრა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების განსაზღვრა, გაიმართა ლამბალოში, ბადიაურსა და მანავში.

მოსახლეობამ სამ ძირითად პრობლემად ყველგან – სასმელი წყალი, შიდა საუბნო გზების კეთილმოწყობა და სარწყავი არხების რეაბილიტაცია დაასახელა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ერბოწონაშვილმა მოსახლეობას დახმარება აღუთქვა.

როგორც კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა-ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, სწორედ, მოსახლეობის პრობლემების მიხედვით და საჭიროებების გათვალისწინებით უნდა მოხდეს 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვა.