კლუბ იაგუარის სპორტსმენები საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები არიან [Audio]

იორმუღანლოს თემში არსებულ კლუბ იაგუარის სპორტსმენები ელვინ ქაზუმოვი და თეიმან გაჯიევი კიკბოქსინგში აზერბაიჯანის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები არიან. ტურნირში სულ შვიდი ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

საქართველოს ღირსებას კი მხოლოდ 2 სპორტსმენი იცავდა. ელვინ ქაზუმოვი 56 წონით კატეგორიაში გახდა პირველი ადგილის მფლობელი, ხოლო თეიმან გაჯიევი – 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში.
როგორც ელვინ ქაზუმოვი ამბობს, ეს გამარჯვება მისი შემდგომი წარმატებისთვის კიდევ ერთი სტიმულია.

“ვიჩხუბე 56 კილოში. მე და ჩემმა მეგობარმა ორივემ პირველი ადგილი ავიღეთ. სხვადასხვა პრიზის მფლობელი ვარ. ვარ მსოფლიო ჩემპიონის, საქართველოს, აზიისა და კავკასიის ჩემოპიონის ტიტულის მფლობელი. სპორტი ჩემი ცხოვრებაა, 6 წელია ამ საქმეში ვარ და რაც შემიძლია წინ წავალ,” – გვითხრა ელვინმა.

კლუბ იაგუარის პრეზიტენტი და მწვრთნელი იბრაგიმ იბრაგიომოვი ამბობს, რომ ამ შეჯიბრისთვის სპორტსმენები 3 თვის განმავლობაში ემზადებოდნენ.
იბრაგიმ იბრაგიმოვი იმ პრობლემებზეც საუბრობს, რაც კლუბის წინაშე არსებობს. როგორც ის გვიყვება, მათ სრულფასოვანი ვარჯიშისთვის შესაფერისი პირობები არ გააჩნიათ.
“დარბაზი გვაქვს, მაგრამ არ გვაქვს ხელთათმანები, ტატამი, არც გზის ხარჯი. არავისგან დახმარება არ მიგვიღია, მათ შორის, არც საგარეჯოდან. ბიჭები დღიურად მუშაობენ და მერე იმ ფულით მივდივართ შეჯიბრზე. ჩვენთან ბევრი წარმატებული ბავშვია, მაგრამ იმის გამო, რომ საშუალება არ აქვთ, შეჯიბრებებზე ვერ მონაწილეობენ.”

აქვე შეგახსენებთ, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ერბოწონაშვილი კლუბ იაგუარს, ტატამის გადაცემას ჯერ კიდევ 2018 წლის მარტში დაპირდა, თუმცა, ამ დრომდე დაპირება არ შეუსრულებია.