ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

კახეთში ცხოველთა რეგიონალური თავშესაფრის მშენებლობა დაიწყება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი სამუშაოების შესყიდვაზე 3 სექტემბერს გამოაცხადა, სავარაუდო ღირებულება 1 941 595 ლარია.

ტენდერის პირობების თანახმად, პირველ ეტაპზე დაგეგმილია 100 ძაღლზე გათვლილი ზაფხულის ვოლიერების, ადმინისტრაციული შენობის, ლაბორატორიის, პოსტოპერაციული ბლოკის, დაცვის შენობის და სხვა დამხმარე შენობა-ნაგებობების მშენებლობა, ხოლო მეორე ეტაპზე განხორციელდება ზამთრის ვოლიერების მოწყობა.

სასმელი წყლით უზრუნველყოფა მოხდება ტერიტორიის მიმდებარედ არსებული ჭაბურღილიდან, ხოლო ვინაიდან მიწის ნაკვეთის მიმდებარედ არ არის კანალიზაციის ქსელი დაგეგმილია ბიოლოგიური გამწმენდის მოწყობა, გაწმენდილი წყლის გადადინება
ტუმბოების საშუალებით მოხდება ალაზნის არხში.

სატენდერო წინადადებების მიღება 20 სექტემბრიდან დაიწყება და 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 10 თვის ვადაში უნდა შეასრულოს.

შეგახსენებთ, რომ ცხოველთა რეგიონალური თავშესაფრი გურჯაანში აშენდება და ამისთვის თანხას ყველა მუნიციპალიტეტი გაიღებს.